Wednesday, April 27, 2011

მიმაგრებული ფაილი

ნახეთ აქ

ვიდეოები

სურათები პოეზიისთვის

ნიკო გომელაური

”დრო ყველაფრის მკურნალია,
  ოღონდ ჩემი არა.
  საოცარი უნარია
  დარდი წარა-მარა.

  რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
  უმარტივეს ლექსად.
  წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
  ვერ ვიშორებ ვერსად.

  როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
  მახსენდება პაპა.
  ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
  დედაჩემის კაბა.

  ცის ცრემლებზე მახსენდება
  მე სიტყვები მამის . . .
  ღვინო სანამ გამეხსნება,
  მეც ავტირდე ლამის.

  ღამე სმაში მათენდება
  დამეკარგა ღერძი . . .
  კიდევ რა არ მახსენდება,
  კიდევ რას არ ვებრძვი.

  საოცარი უნარია
  დარდი წარა-მარა.
  დრო ყველაფრის მკურნალია
  -ოღონდ ჩემი არა...”

”ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება,
თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი.
მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება,
მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი...”

გალაკტიონ ტაბიძე

 ”ეს წინათ იყო, მდინარეს თითქო
ვერცხლის ეფინა მძინარე ჩადრი
და კიდეებზე მდუმარედ იდგა
შეუცნობელი შრიალი ჭადრის.
შრიალი ვერხვის, შრიალი ყანის,
უდარებელი სამშობლო მხარე!
რა უწყალოა რონინი ხანის
აუსრულებელ იმედთა გარე!”

  ”დაღალულს ვხედავ იმ ამაყ ირემს.
მიყვარდა, როგორც დიკენსის გმირებს,
ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება, -
რომ გულში ცეცხლი არ გაგიქრება.
მრავალი ფიქრი მას შემდეგ ახდა,
ვნების ისრებმა დაცხრილეს გული,
ისევ მაისი მშვენიერ ბაღთა,
იყავ ოცნება და სიყვარული.”

დეფის პოეზია

”აფრინე კოცნა, მოკითხვა, სითბო,
ან მონატრებას რა მოთვლის ამდენს,
ფესვებით მიწაში, ვერ ფრენს ხე თვითონ,
მაგრამ ჩემამდე, ფოთლებს კი აფრენს.”

  ”ეს რა დამჩემდა. რატომ მეშინია.
შიში მანკია. როგორც ცრურწმენა.
შენთან დავრჩე და დღე ისევ შენია,
როგორც ღამე იყო სხეულში ლურსმნებად
  ისე ასობილი, ისე აჭედილი,
რომ ვერ ვანსხვავებდი ცაზე ვარსკვლავებს,
ღამით დაგემალო, ისევ დავრჩე დილით
მე ხომ ვარსკვლავებსაც ხმებით ვანსხვავებ
  ერთმანეთისგან, შენგან და ჩემგან,
დილით კი არ ჩანან, მხოლოდ მზის გამო?
თუ ვინმე სადმე ჭედავს და ჭედავს
ვარსკვლავებს აპნევს, იმ ვინმეს ვგვანობ,
  მინდა ვემგვანო, ზოგჯერ გამომდის,
ზოგჯერ შიშებიც ვერ მეკარებიან,
ზღვაც ხომ ვერ გვანობს წყალით წყაროს მთის,
ერთი გასასვლელით ბევრი კარებიდან
  სადღაც განედინა ყველა ამოსუნთქვა,
სადღაც აიკრიფა შენი სილამაზეც,
უცხო განედიდან მგზავრმა გამოსულმა
უცხო მერიდიანს ენით მივამსგავსე
  ღამეს მივაგენი, ცაზე წავიკითხე
მთელი მისტერია ქვეყნის შესაქმისა,
ეკლის ჩუქურთმებით თითქოს წაბლივით ხე,
ბევრჯერ მიმღერია დღეის შესატყვისად,
  ყველა ზღვარის იქეთ, ყველა აზრის იქეთ,
ქვეყნის შემეცნება სიტყვა სიტყვით მეცნო,
დიდი ჩანაფიქრი ქების ქებად ვიქე,
სიტყვა, შენ, მეც, ნებად იქნებ საქმედ შევძლოთ,
  იქნებ ვასულდგმულოთ ისევ ერთმანეთი
სულ რაც მაგიჟებს და ზღვაც ხომ ცას ირეკლავს,
მწიფე ალუბლებით ღმერთმა ისევ ერთი
სახე აინათა საბაღნარედ და იმ ნეკნად,
  როცა ავმეტყველდით ზმნად და მეტაფორად,
როცა დღე და ღამის ფიქრნი მომესია,
ლოცვას ან მე გეტყვი უფრო მეტად ხმოვანს,
ან და საგვირგვინე ვარსკვლავთ პოეზია
  თვითონ მიგანიშნებს საიდუმლო ნიშნებს,
თუმცა გავამჟღავნე თითქმის საიდუმლოც
ხვედრი ტკბილ-მომჟავო უფრო შორს გამიშვებს
საით მივიწევ და ახლა საით ვუბნობ,
  შორი სივრცეები, შუქით აჭედილი,
თავის ღირსებებით ქმნიან სხვა ვარსკვლავებს,
ღამით შენთან ვარ და მინდა დავრჩე დილით
მე ხომ ვარსკვლავებსაც ხმებით განვასხვავებ.”
 
”მომენატრე. მომე ნატვრა.
შენი სიზმრის მომენატრა
ხილვა მე.”





ჩემი საყვარელი პოეტები

გალაკტიონ ტაბიძე
დავით დეფი
ნიკო გომელაური

რა არის პოეზია

,,პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა კაცთა, ღვთივ რჩეულთა’’ ( ილია )
პოეზია სულის მდგომარეობაა...
რა არის პოეზია?.. და მაინც ...და ისევ... სულის მდგმარეობაა...ხოლო მისი სიტყვაში განსხეულება კი უკვე საქმეა ნიჭის, ვნების, ცოდნის, გემოვნებისა და კიდევ ენით უთქმელისა, რასაც მე აქ გულთამხილაობას დავარქმევდი.....
   პოეზია ჰგავს მარილსა და სანელებლებს. აქ ჩვენ კონცენტრირებული ინგრედიენტების სამზარეულო გვაქვს, როცა პოეზიას ვეხებით. ცხოვრებასა და მის აღქმებს ხსენებული პოეტური "სანელებლების" გარეშე, არანაირი გემო არა აქვს, იგი სრულიად უგემურია.( რატი ამაღლოობელი )